ამა წლის 14-15 დეკემბერს საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციამ (AGB) ევროპის ბიოქიმიის საზოგადოებათა ფედერაციისა (FEBS) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით თელავის ტექნოპარკში ჩაატარა ორდღიანი პრაქტიკული ვორკშოპი „მოგზაურობა სიცოცხლის მოლეკულებში ჯანსაღი მომავლისთვის“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თელავის და მიმდებარე დასახლებების (იყალთო, წინანდალი, ნუკრიანი და ვარდისუბანი) მაღალი კლასების მოსწავლეებმა. ორი დღის განმავლობაში მათ მოისმინეს საქართველოში ბიოქიმიის წამყვანი სპეციალისტების (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის) მოხსენებები.
ასოციაციის პრეზიდენტმა გააცნო მონაწილეებს საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის და ევროპის ბიოქიმიკოსთა ასოციაციების ფედერაციის (FEBS) ისტორია და მიმდინარე საქმიანობა. ცალკე სესია მიეძღვნა ბიოქიმიის და ბიოტექნოლოგიის უახლესი ტენდენციების და განვითარების შესაძლებლობებს.
ასევე, ახალგაზრდა მკლევარების მიერ ორივე დღეს ჩატარდა პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოები, სადაც მოსწავლეებმა შეიძინეს ბიოქიმიურ აპარატურასთან მუშაობის უნარები და თავად დაეუფლნენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ქრომატოგრაფია, სპექტროფოტომეტრია და ცილების ელექტროფორეზი.
ვორკშოპის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატი.